ბოლო კვირის მონაცემით, მოსწავლეებს შორის „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელმა იკლო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით,  ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 219 სკოლა და ცალკეული 493 კლასი.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

განათლების სამინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.