დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ოდესა-თბილისი-ოდესის მიმართულებით ფრენებს იწყებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს ზრდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან, უკრაინული ავიაგადამზიდველი ფრენების შესრულებას ოდესა – თბილისი – ოდესის საჰაერო ხაზზე დაიწყებს.

რეგულარული რეისები თბილისსა და ოდესას შორის, კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ პარასკევს განხორციელდება. სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Bees Airline საქართველოს საავიაციო ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში შემოვიდა.