„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვიდეო, რომელიც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის Facebook-ზე გაავრცელა, არის დადასტურებულად „ფეიკი“.
„ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის დადასტურებულად „ფეიკი“. პირველ ვიდეოში რომ ჩარჩო ტრიალებს, ის არ გამოგრჩეთ – შეიძლება ეს თქვენთვის არასასურველი ინფორმაცია იყოს. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, როცა უკვე დოკუმენტურად დადასტურდება. „ფორმულა“ ბრძანებს, რომ ასეთი ხარისხის ვიდეოს დამონტაჟება შეუძლებელია – პირიქით, ეს „დიფ ფეიკის“ ეპოქაა. თქვენ ისე გინდათ, გაამართლოთ მიხეილ სააკაშვილის „ფეიკი“, რომ ამაზე ამბობთ, შეუძლებელიაო. თქვენ რომ ამის გჯერათ, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, ხოლო თუ არ გჯერათ და ისე აკეთებთ, ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა იმიტომ, რომ ამას თაღლითობა ჰქვია“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ჩატიდან გამოჟონილ ინფორმაციას ასაჯაროებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ჩატებიდან ჟონავს ინფორმაცია. მივმართავ მათ („ნაციონალურ მოძრაობას“) , ხომ არ ეცნობათ ის სიტყვები, რასაც მე წავიკითხავ. ბოლო საათების განმავლობაში მათ ჩატებში ჩაიშალა ასეთი დავალება, ვციტირებ: „მოკლედ, კიდევ ერთხელ ახლა, ყველას, ვისზეც ხელი მიგვიწვდება ან ვწერთ ან ვუგზავნით შუამავალს. დღის ბოლომდე უნდა ვაკეთოთ ქუჩა, შინაური, „ქოცია“ და ა.შ. გზავნილი მარტივია, გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ „ოცნებას“ წაგებული აქვს და ჩაეხსენით. ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ მერე ვერ შეძლო დახმარება, „ქოცების“ უბნის უფროსებს, კომისიის წევრებს, ვისზეც გვაქვს „ხოდი“ უნდა შევეხმიანოთ, აუცილებელია ყველასთან კონტაქტი. უნდა იცოდნენ რომ მოსასვლელი აქვთ და ნაკლებ შეეშინდებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.









