ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში დაზარალებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სახელმწიფოს მიმართ იჯარის და ქირის დავალიანება ეპატიებათ.
ამის შესახებ ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის უფლებით ან მართვის უფლებით აქვს გადაცემული და ვისაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვს, 2020 წლის 21 მაისიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით, ასეთ სუბიექტებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი. ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდის გამო დარიცხული ჯარიმა“, – ამბობს ნათია თურნავა.
მისივე ინფორმაციით, ჯამში საუბარია დაახლოებით 5 მილიონ ლარზე, ხოლო გადაუხდელობით და დაგვიანებით გადახდის გამო დარიცხული ჯარიმები დაახლოებით 1 მილიონი ლარია.
თურნავას თქმით, აღნიშნული შეღავათები გავრცელდება იმ პირებზეც, ვინც გადასახადები გადაიხადა ამ პერიოდში ნაწილობრივ ან სრულად.