პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ოთხი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ჯ.შ. მარნეულში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია „ტტ“- ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა.
თბილისში პოლიციამ 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. დააკავა. ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ჩზ“-ს ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა.
1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. ლენტეხის მუნიციპალიტეტში დააკავა პოლიციამ. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ჩზ“-ს მოდელის ცეცხლსასროლი შაშხანა, 3 მჭიდი და 45 საბრძოლო ვაზნა.
1982 წელს დაბადებული ზ.ჯ. ახალციხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.







