საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტიდან ამ დროისთვის შესაბამის ელექტრონულ ბაზაში 167 საჩივარია ასახული.
საჩივრები წარდგენილია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების მიერ.
როგორც რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა TV4-ს განუცხადეს, საჩივრები ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას, გადათვლის მოთხოვნას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასა და შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას ეხება.
განცხადება-საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას განცხადება-საჩივრების რეგისტრაციიდან 4 კალენდარული დღის ვადაში მიიღებს.
ინფორმაციისთვის, საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება შესაბამის რაიონულ, საქალაქო სასამართლოში 2 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს.
ინფორმაციაში დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემები არ არის ასახული, რადგან TV4-მა შესაბამის საოლქო კომისიასთან დაკავშირება ვერ შეძლო.