შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ნაწილში აბიტურიენტებს ცვლილებები დახვდებათ.
როგორც სოფიო გორგოძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე გეოგრაფიის ტესტებს შეეხება.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: ტექსტის რედაქტირება; წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება.
“ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება გეოგრაფიის ტესტს, NAEC-ის ცნობით, რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას.
„ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.
2022 წელს ცვლილებები სხვა საგნების საგამოცდო ტესტებში არ იგეგმება“, – აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის, გარდა მათემატიკის ან ისტორიისა, მეტი არჩევანის შესაძლებლობება მიეცემათ.
როგორც სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.