ადიგენსა და აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ორი პირი.

ადიგენის მუნიციპალიტეტში დააკავეს  პირი, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება მეორე პირს – 1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მამაკაცს, იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.