ამირან გამყრელიძე: ვითარება ისევ უარესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო და  ვითარება ისევ უარესდება.

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს ვაქცინაციის მარათონში ჩართული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს.

„მეხუთე ტალღის დაწყების ყველა მონაცემია. „დელტა“ შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა და ახასიათებს ასეთი ორთვიანი ციკლები. ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ დღეს ორშაბათია და კვირას ნაკლები ლაბორატორიული კვლევა ტარდება.

“ჩვენ ვაწარმოებთ ყოველდღიურ სტატისტიკას და ამით კარგად ჩანს, რომ საავადმყოფოში ვინც წევს, მათგან 95% აუცრელია, რეანიმაციაში მყოფთა 98% აუცრელია, სადაც გამოსავალი ცუდია და დგება გარდაცვალების ფაქტი, 98% მათგან აუცრელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.