“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” – როგორ უნდა მისცე ხმა შენთვის სასურველ პროექტს

რუსთავის მერიის პროგრამის “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ფარგლებში შემდეგ ეტაპზე 10 პროექტი გადავიდა. აღნიშნული ინიციატივებიდან გამარჯვებული პროექტები 1-დან 5 ნოემბრამდე გამოვლინდება და მომავალი წლის ქალაქის ბიუჯეტში დამუშავდება.

შერჩევის პროცესში კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება რუსთაველებსაც შეუძლიათ, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე მითითებულ ბმულს უნდა ეწვიონ.

ბმულზე მონაცემების შეყვანის შემდეგ, მოქალაქეს ათივე პროექტის ნახვის შესაძლებლობა ექნება, რომლიდანაც სასურველ ინიციატივას შეარჩევს და საკუთარ ხმას დააფიქსირებს. 

წარდგენილ პროექტებს შორის არის სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების  და გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობის ინიციატივები, ასევე ერთ-ერთი იდეა ეხება ცენტრალურ პარკში შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცის მოწყობას. ამასთან, შემდეგ ეტაპზე გადასულ იდეებს შორის არის სათემო სკვერისადა ბავშვთა ატრაქციონის მოწყობის პროექტები.

 

ინფორმაციისთვის, პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისათვის  150 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის ჯამში 1 500 000 ლარი განისაზღვრა.

პროექტი “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.