საქართველოში ვადაგასული, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი, შესაძლოა, გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდეს. პროექტზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს.
კერძოდ, ამ მიზნით სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება, რისთვისაც მნიშვნელოვანია, ვადაგასული სურსათის გაცემა არ დაიბეგროს და კანონმდებლობა ამ მიმართულებით შეიცვლება.
საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე მუშაობა ორ კვირაში დაიწყება. 2022 წლის ბოლოს საქართველოს ექნება საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, განახორციელოს იმ პროდუქტის დონაცია, რომლის გაყიდვა, შენახვის ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელი არ არის, მაგრამ ადამიანისთვის უსაფრთხოა.
,,ეს მნიშვნელოვანია, რათა საკვები ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. გარდა ამისა, იგი ბიზნესისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. საქართველოს კანონმდებლობაში არსებობდა ჩანაწერი, რომ საქველმოქმედო მიზნით ან დონაციით გადაცემაც ჩვეულებრივ იბეგრებოდა. შესაბამისად, კანონმდებლობის დონეზე მოხდება ცვლილება. გვინდა მხარი დავუჭიროთ ბიზნესს და მოსახლეობასაც გავუზარდოთ წვდომა სურსათზე, რასაც ეს ინიციატივა ემსახურება“, – აცხადებენ კომიტეტში.
სურსათის ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებსა და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს. სისტემაში მონაწილეობა კერძო სექტორისთვის ნებაყოფლობითი იქნება.
ცვლილებების ინიცირებას აგრარული კომიტეტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.