შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი მაშველებთან ტელეფონით კონტაქტობს.
„კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, ტელეფონით გვესაუბრება. ისინი ვერ გვიხსნიან რომელ სართულზე არიან, სულ დაბლა არიან ჩავარდნილები თუ მაღლა. ვესაუბრებით ტელეფონით. ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ იქ ბევრი ადამიანი ავიდეს და 100-მა და 200- მა ადამიანმა ერთდროულად იმუშაოს, თუმცა, ერთმანეთს ვცვლით. ტექნიკა არის ჩართული. მობილიზებულია როგორც შსს-ს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მუნიციპალური სამსახურები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის ფიზიკურად, შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს. მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ სინკარია თუ ბეტონის ნანგრევები, გადმოვალაგოთ და ქვეშ მოყოლილი ადამიანები უფრო არ დავაშავოთ“, – განაცხადა გომელაურმა.
გომალეურის განცხადებით, თუ დადგინდება, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია, ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.
„იყო რამდენიმე ვერსია. მათ შორის განიხილებოდა გაზის აფეთქების ვერსია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, – განაცხადა გომელაურმა.