საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსთავში ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. კომისიები ბიულეტენების დათვლას იწყებენ.
მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მიაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება.
ინფორმაციისთვის, რუსთავში სულ 84 ძირითადი უბანია, გარდა ამისა 3 სპეცუბანია პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი იზოლაციაში და ცხელების ცენტრებში მყოფი პირებისთვის. რაც შეეხება ამომრჩევლების რაოდენობას, რუსთავში 106 895 ამომრჩეველია.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 17:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია.