“თუ ვაქცინაციის მაჩვენებელს ავწევთ, დავწევთ ქვევით სიკვდილიანობას”[ვიდეო]

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუკი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გაიზრდება, სიკვდილიანობა დაიწევს.

„ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან. თუ მოვახერხეთ და ვაქცინაციის მაჩვენებელი ავწიეთ, როგორიც გვქონდა აგვისტო-სექტემბერში, აქტიურად დავასტაბილურებთ ეპიდვითარებას, განსაკუთრებით დავწევთ ქვევით ყველაზე მძიმე მაჩვენებელს, როგორიც არის სიკვდილიანობა.” – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ახალ შტამებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „დელტა+“-ის მსგავსი, თუმცა, სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე კორონავირუსის ახალი შტამი, ჯერჯერობით, საქართველოში არ დაფიქსირებულა.

„ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. ყურადღების ქვეშ მყოფი შტამი. ის ცირკულირებს მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობლად რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ. სხვა გენეტიკური ვარიანტია,” – განაცხადა გამყრელიძემ.