“ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას და იმ ტიპის ინციდენტებს, როგორსაც გუშინ ჰქონდა ადგილი და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს გუნდთან ერთად, რომ მშვიდად მივიყვანოთ საარჩევნო პერიოდი ბოლომდე და რუსთაველებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, საარჩევნო დღესაც ჰქონდეთ მშვიდ ვითარებაში”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნინო ლაცაბიძე მოუწოდებს “ნაციონალურ მოძრაობას” სიმშვიდისკენ და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსთაველებმა მეორე ტურში ხმა მშვიდ ვითარებაში მისცენ.
“არჩევნების დღემდე დარჩა ძალიან ცოტა დრო და როგორც ვხედავთ, რუსთავში “ნაციონალური მოძრაობა” ხელოვნურად ცდილობს შექმნას ის მდგომარეობა თითქოს ქალაქში მოსახლეობას არ აქვს მშვიდ გარემოში საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რუსთავში, სადაც დაშავებულები გვყვავს და სამი ადამიანი გადის რეაბილიტაციას და მკურნალობას კლინიკაში სხვადსხვა დაზიანებებით. გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ვნახეთ, ვინ არის მოძალადე და ვინ ძალადობს ფიზიკურად რუსთაველებზე და იმ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც ამ ქალაქში მომავალში უნდა ვიცხოვროთ.
ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობას” შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვცეთ პატივი რუსთავს და რუსთაველებს. მოგვეცით ჩვენც საშუალება, ვინც ჩართულები ვართ საარჩევნო კამპანიაში, გავაგრძელოთ საარჩევნო კამპანიის პერიოდი, მივიყვანოთ არჩევნების დღემდე, მივცეთ მოსახლეობას საშუალება გაეცნონ ჩვენს გეგმებს და გააკეთონ თავისუფალი არჩევანი.
ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას და იმ ტიპის ინციდენტებს, როგორსაც გუშინ ჰქონდა ადგილი და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს გუნდთან ერთად, რომ მშვიდად მივიყვანოთ საარჩევნო პერიოდი ბოლომდე და რუსთაველებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, საარჩევნო დღესაც, ჰქონდეთ მშვიდ ვითარებაში”- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.