ლიფტების რეაბილიტაციის ახალი პროექტი რუსთავში – ნინო ლაცაბიძის ბრიფინგი[ვიდეო]

  2022 წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება, გაუქმდება ე.წ. ხურდის ჩასაყრელი ყუთები და ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებამდე მოსახლეობა ლიფტებით უფასოდ ისარგებლებს.  ეს “ქართული ოცნების” ლიფტების რეაბილიტაციის ახალი პროექტის ძირითადი მიმართულებებია, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოიყოფა.

ლიფტების რეაბილიტაციის ახალი პროექტი ამომრჩეველს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ  ბრიფინგზე გააცნო.

როგორც კანდიდატი ამბობს, მისი გამარჯვების შემთხვევაში, პროგრამა ამხანაგობებთან ერთად განხორციელდება და ქალაქში ძველი, ამორტიზებული ლიფტები ახალი, ევროპული სტანდარტის ლიფტებით ჩანაცვლდება.

ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო. ძველი ამორტიზებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ.პროგრამას  განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტროენერგიის თანხა, რომლის შეგროვებაც  ხშირად უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე გავაუქმებთ, ამხანაგობებთან შეთანხმებით, ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებთ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზებული ლიფტების ახალი, ევროპული სტანდარტების ლიფტებით ჩანაცვლებას. ამ ყველაფრისთვის რუსთავში შეიქმნება ლიფტების მოვლის მომსახურების სერვისი და ჩვენ შევძლებთ, რომ რუსთავში სრულად განვაახლოთ ლიფტები და სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება,  თითოეული რუსთაველი უფასოდ ისარგებლებს  მის კორპუსში არსებული ლიფტით.”-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.