“მოვითხოვთ, რომ სასამართლო არ იყოს კორუმპირებული”- საპროტესტო აქცია რუსთავში

რუსთავში 8 ივლისს, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს.

როგორც რუსთავის მთავარ მოედანზე შეკრებილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, აქციის მთავარი მიზანი უსამართლობის გაპროტესტებაა.

დაკავებულების ოჯახის წევრების და უფლებადამცველების განცხადებით, დაკავებების ფარგლებში პოლიციამ უკანონო ღონისძიებები გაატარა და 17 რუსთაველი კანონდარღვევით, უსამართლოდ არის დაკავებული.

“ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ეს ხელისუფლება დარჩება თუ შეიცვლება, ჩვენ ყოველთვის ვისაუბრებთ დარღვევებზე და მოვითხოვთ, რომ სასამართლო არ იყოს კორუმპირებული და სასამართლო საქმე იქნეს სამართლიან პირობებში განხილული”- ამბობს ერთ-ერთი უფლებამდაცველი, ანა კეკენაძე.

ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეების განცხადებით, სამართალდამცველებმა გატარებული ღონისძებების შედეგად, 17 რუსთაველი 8 ივლისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ივლისის თვეში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქვემო ქართლიდან რუსთავში, თეთრიწყაროში, დმანისსა და გარდაბანში,  „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 25 პირი დააკავა, მათ შორის 17 რუსთაველი.