ნანგრევებში ბავშვები არიან მოყოლილი, მათგან ერთი ჩვილია – ვითარება ბათუმში[video]

ბათუმში  ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო-საძიებო სამუშაოები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შვიდსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 12  ოჯახი ცხოვრობდა. ამ დროისთვის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 8 ადამიანს ეძებენ.

აჭარის  საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადიმერ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ნანგრევებში ამ დრომდე მყოფ ადამიანთა შორის რამდენიმე ბავშვი და ერთი ჩვილია.

“მჯერა, რომ უახლოეს ხანებში, ბავშვთან, რომელიც კონტაქტურია, მაშველები შეაღწევენ. ბავშვი, რომელიც კონტაქტზე გამოდიოდა, სავარაუდოდ მარტო არ იმყოფება ნანგრევებში.

ეს კორპუსი ჩემთან ახლოს არის და შემიძლია ვთქვა, რომ ის ნამდვილად არ არის ავარიული და წარმოდგენა არ მაქვს რამ გამოიწვია მისი ნგრევა. აქ, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, ნამდვილად მიმდინარეობდა სამუშაოები,”- განაცხადა  ვლადიმერ მგალობლიშვილმა

დაშავებულ ერთ-ერთ მცირეწლოვანს ამ ეტაპზე იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვს მრავლობითი, ზედაპირული დაზიანებები და წვივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ამ დროისთვის დაშავებული გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტშია და  დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

რაც შეეხება ნგრევის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს, ბათუმის მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საცხოვრებელ კორპუსში, რომლის ნაწილიც დღეს ჩამოინგრა, ბოლო 10 წლის განმავლობაში არანაირი ნებართვა არ გაცემულა.  მათივე ინფორმაციით,  შენობაში არც მიშენება და არც დაშენება არ განხორციელებულა.