ნინო ლაცაბიძის ბრიფინგი [ვიდეო]

“ვემზადებოდით, რომ თითოეულ რუსთაველს ჰქონოდა თავისუფალ და მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. დღეს,  მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული ვართ, რომ იმ ხელოვნურმა სიტუაციამ,  რომელსაც ოპოზიციური პარტიები ქმნიან, არ შეუშალოს ხელი მოქალაქეებს, რომ  გააკეთონ არჩევანი.”- ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მმართველი გუნდის კანდიდატი ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანია ქალაქში დაძაბულობა შემოიტანონ.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონიათ საარჩევნო კამპანია, არ შეხვედრილან მოსახლეობას, არ უსაუბრიათ იმ გეგმებზე, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქალაქის განვითარებას და მთელი მობილიზება გააკეთეს კენჭისყრის დღეს.

ყველა არის მობილიზებული რუსთავში, განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობიდან” და ყველაფერს აკეთებენ, რომ უბნებზე გამოიწვიონ დაძაბული სიტუაცია.  მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ,  ვთხოვ მათ, რომ პატივი სცენ რუსთაველებს, პატივი სცენ იმ ადამიანებს ვინც მიდის და თავის უფლებას იყენებს და არჩევანს აკეთებს. მათი მთავარი მიზანი არის ამ ქალაქში შემოიტანონ დაძაბულობა”- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.