ლაცაბიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები უბანზე აგრესიით და დესტრუქციით გამოირჩევიან[ვიდეო]

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ და პარტიის ლიდერებმა რუსთავში ბრიფინგი გამართეს. ნინო ლაცაბიძესთან ერთად ბრიფინგი საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ზარქუამ გამართეს და მათ ოპოზიციას მოუწოდეს, მშვიდ გარემოში წარმართონ საარჩევნო პროცესი და შეწყვიტონ არეულობის მოწყობის მცდელობები უბნებზე.

ნინო ლაცაბიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე აგრესიით და დესტრუქციით გამოირჩევიან.

“კარგია, როცა საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლე შეინიშნება და სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა შეფასება, რომ რუსთავში საარჩევნო გარემო არის მშვიდი, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის რომ რუსთაველებმა თავისუფალ და მშვიდ გარემოში გააკეთონ თავისი არჩევანი.

ჩვენ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ აუცილებელი იყო საარჩევნო პროცესი წარმართულიყო მშვიდ და თავისუფალ გარემოში, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო ოპოზიციის წარმომადგენლები უბანზე აგრესიით და დესტრუქციით გამოირჩევიან დღესაც, როგორც გამოირჩეოდნენ მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, როგორც პირველ ტურში ასევე, მეორე ტურის განმავლობაში.

ჩვენმა დამკვირვებლებმა დარღვევებზე, რომლებიც ამ დროისთვის არის გამოვლენილი, რეაგირება მოახდინეს და მინდა რამდენიმე დარღვევა გითხრათ.

უბნებთან მანქანებიდან ფურცლები სწორედ მათი მხრიდან შეინიშნება. ადამიანები აფრიალებენ გაურკვეველ ბარათებს და მოსახლეობა ისევ შეცდომაში შეჰყავთ, რომ ეს თითქოს “ქართული ოცნების” მხრიდან არის დარიგებული გაურკვეველი ვაუჩერები.

39-ე უბანზე მარკირებიანი ცდილობდა შესვლას და ამაზე მოვახდინეთ რეაგირება. 28-ე უბანზე აცხადებდნენ რომ არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყვნენ, რეალურად კი იყვნენ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები და ამაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება,” – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.