გამოწვევები და დაგეგმილი პროექტები – ნინო ლაცაბიძის ინიციატივით შეხვედრა მიმდინარეობს[video]

რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, შეხვედრა მიმდინარეობს. რუსთავის წინაშე არსებული გამოწვევები, ინიციატივები და სამომავლო პროექტები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც შეხვედრის ფარგლებში ისაუბრებენ.

“ვაპირებთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩვენ სამინისტოსთან ერთად, პარლამენტმა და თვითმმართველობამ გადავგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წავიდეთ წინ, ეს არის ყველაზე მთავარი.

მე როგორც მაჟორიტარი პარლამენტში და დღეს მერობის კანდიდატი ვხვდები მოსახლეობას და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ გვინდა ქალაქში გვქონდეს სუფთა ჰერი და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ უკეთესი სივრცე ამ ქალაქში ცხოვრებისთვის, უკეთესი ჯანმრთელობისთვის და მე, ჩვენ და მთელი გუნდი მოწადინეუბული ვართ, რომ ამ ტიპის ნაბიჯებით, როგორიც იყო გარემოსდაცვითი პასუხიმსგებლობის შესახებ კანონი და უკვე ეფექტური აღსრულებით შევძლოთ, გაუმჯობესდეს ჩვენს ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბიზნესი და ადამიანების სამუშაო ადგილები, თითოეული დასაქმებული არის ჩვენი ქალაქის ეკონომიკური სიძლიერე, თითოეული ახალი ბიზნესი არის  ჩენთვის პრიორიტეტული, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, თუმცა ყველანი ვთანხმდებით და სულ ვიმეორებთ, რომ ეკოლოგია და ეკონომიკა უნდა იყოს ერთმანეთთან თანხვედრაში და ეკონომიკა არ უნდა იზრდებოდეს ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე, ამიტომ ჩვენ სხვა პასუხისმგებლობით, ძალიან დიდი დაკვირვებით ვუდგებით ამ საკითხს.”– განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. ჭალის ტყის ტერიტორიაზე იმყოფებიან ასევე ფონდის “განვითარება და გარემო” და რუსთავის სამრეწველო საწარმოების წარმომადგენელი პირები.