რუსთავის 5 საარჩევნო უბნის ბიულეტინები საჯაროდ გადაითვლება

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული რუსთავის 5 საარჩევნო უბნის ბიულეტინები საჯაროდ გადაითვლება – ამის შესახებ რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გაგა აფციაურმა განაცხადა.

“საჯაროობის მიზნით, როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში, მოხდება ბიულეტინების გადათვლა. ხვალ ჩატარდება საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა, სადაც გამოვლინდება შერჩევის პრინციპით ის 5 უბანი, რომელიც საჯაროდ გაიხსნება და შედარდება არსებულ მონაცემებთან,” – აღნიშნა გაგა აფციაურმა.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშილმა. მისი თქმით, ბიულეტინები ყველა იმ ოლქში გადაითვლება, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

„მინდა შეგახსენოთ, ასევე, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში, 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება, რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. აღნიშნული გადათვლების შესახებ ჩვენ, ასევე, უახლოეს მომავალში გაცნობებთ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.