რუსთავში ავარიული კორპუსის ადგილას ახალი საცხოვრებელი ბინა აშენდება

მე-18 მიკრორაიონში ავარიული კორპუსის დემონტაჟის შემდეგ, ტერიტორიაზე ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. საკითხზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და დადებითად გადაწყვიტა.

როგორც მომხსენებელმა, მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა პაპუაშვილმა განაცხადა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, შ.პ.ს. „რუსთავი დეველოპმენტ გრუპისგან“ შევიდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნა და ინვესტორს თანხმობა მიეცა.

„ტერიტორიაზე ავარიული კორპუსი იყო განთავსებული, რომლის დემონტაჟს მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. გასულ წელს, „რუსთავი დეველოპმენტ გრუპმა“ განახორციელა შენობის დემონტაჟი და წარმოადგინა ტერიტორიის განაშენიანების გეგმა. შედეგად მივიღეთ, ლამაზი საცხოვრებელი სივრცე, სპორტული, საბავშვო მოედნებით, კეთილმოწყობილი შიდა ეზოთი და თავისი მიწისქვეშა ავტოპარკინგით“- განმარტა სხდომაზე ეკა პაპუაშვილმა.