რუსთავში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა[ვიდეო]

რუსთავში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, 08:00 -დან პირველ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა.

რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის ინფორმაციით, ქალაქში 84 საარჩევნო უბანია და ყველა მათგანი შესაბამისი პროცედურების დაცვით, ხარვეზების გარეშე გაიხსნა.

რუსთავში 84 ძირითადი უბანია, სამი სპეცუბანია პენიტენციურ დაწესებულებებში ( მე-5, 16-ე და 17-ე პენიტენციური დაწესებულება). კიდევ ერთი, 88-ე საარჩევნო უბანია იმ ამომრჩველებისთვის, რომლებიც ცხელების ცენტრში ან იზოლაციაში იმყოფებიან.

“მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც კოვიდპანდემიიდან გამომდინარე გამოწვეულია, ყველა წესი გათვალისწინებულია უბანზე, რეკომენდაციები დაცულია. შეუძლიათ  მოვიდნენ და თავისუფლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი”- განაცხადა გაგა აფციაურმა.

ინფორმაციისთვის, რუსთავში გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოს 600-მა ადამიანმა მიმართა.

რუსთავს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 6 მერობის კანდიდატი ჰყავს.