სად შეძლებთ ე.წ. ბუსტერ დოზებზე რეგისტრაციას

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინაციის ბუსტერ დოზებზე და 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

მათივე ცნობით, ბუსტერ დოზით აცრა უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ ექვსთვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან.

„ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ.

Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრას ასევე შეძლებენ: 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები; 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.

Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით („სინოვაკი“, „სინოფარმი“) აცრილ პირებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით: ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს. – აღნიშნულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა. პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, შემდგომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში, მეორე აცრა ჩაუტარდებათ Pfizer–ის ვაქცინით.

აღნიშნული პირების ვაქცინაცია ამ ეტაპზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, სამედიცინო დაწესებულებაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.