ხმაური რუსთავის მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრთან

ხმაური რუსთავის მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრთან – ერთ-ერთი მოქალაქე კოვიდინფიცირებული მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვდა.

მისი თქმით, ექიმთან დაკავშირებას ბოლო ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

ადგილზე იმყოფებოდა ასევე, ნაირა რუხაიას სახელობის ორგანიზაციის “პაციენტის უფლებებისთვის” დამფუძნებელი, მედეა ადამია, რომელიც მოქალაქეს მოთხოვნის შესრულებაში ეხმარებოდა.

მოგვიანებით, კლინიკასთან ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებსაც ოჯახის წევრი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში მკურნალობისას გარდაეცვალათ.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და დაცვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პაციენტების ოჯახის წევრს ექიმი გაესაუბრა და მან მშობლების სხვა კლინიკიაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს სხვა პირებმაც. დღეს მარდალეიშვილის კლინიკას სამი კოვინდინფიცირებული დატოვებს. პაციენტების ოჯახის წევრები აღნიშნული კლინიკის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

კლინიკის ხელმძღვანელმა ტვ4-თან სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა  და არც შენობაში შესვლისა და რეანიმაციაში არსებული სიტუაციის გადაღების უფლება მოგვცა.