1 ნოემბრიდან საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია ჩერდება

31 ოქტომბერს საქართველოში AstraZeneca-თი ბოლო მოქალაქეებს აცრიან.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე მოთხოვნა აღარ არის და ქვეყანაში ამ ვაქცინის დარჩენილ დოზებს ვადა გასდის.

“მოთხოვნა არ არის, სამწუხაროდ, “ასტრაზენეკაზე”. ვაქცინების იმ რაოდენობას, რაც გვაქვს ვადა უმთავრდება. ახალი არ შემოგვაქვს და მოხდება მეორე აცრებზე ჩანაცვლება “ფაიზერით” ან სხვა ვაქცინით, როგორც მიღებულია,  ვისაც სურვილი ექნება, ძალიან ცოტაა ასეთი დარჩენილი”, -განაცხადა ამირან  გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში “ასტრაზენეკას” პირველი დოზით აცრილია 61 466 ადამიანი, მათგან 59 424-მა მეორე აცრაც გაიკეთა. მეორე დოზით ამ ვაქცინით აცრა კიდევ 2 ათასზე მეტ ადამიანს უნდა გაეკეთებინა.

საქართველოში “ასტრაზენეკას” 134 400 დოზა ვაქცინა შემოვიდა. აქედან აცრებზე გახარჯულია 120 890 ერთეული. ეს ნიშნავს, რომ დარჩენილი იყო 13 510 დოზა, საიდანაც ნაწილი, როგორც ვაქცინაციის დროს ხდება ხოლმე, გამოუსადეგარი გახდა.