2022 წლიდან რუსთავის მერია მაგისტრანტების დაფინანსების საპილოტე პროგრამას იწყებს

2022 წლიდან  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მაგისტრანტების დაფინანსების საპილოტე პროგრამას იწყებს, – ინფორმაცია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც ქალაქის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში აცხადებენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში​ მაგისტრანტების მხრიდან იყო მოთხოვნა ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, თუმცა მსგავსი პროგრამა ამ დრომდე მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მოქმედებდა.

“მოთხოვნა მაგისტრანტების მხრიდან წამოვიდა. მათ განცხადებითაც მომართეს მერიას და გვინდა, რომ მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ყველა მაგისტრანტს შეეხოს ეს დახმარება. რა თქმა უნდა, ბაკალავრიატის სწავლის დაფინანსების მსგავსად, აქაც მაღალი აკადემიური მოსწრება იქნება გათვალისწინებული, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ, დავით იშხნელმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსთავის მუნიციპალიტეტი საპილოტე პროგრამის იურიდიულ საკითხებზე მუშაობს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თანხის რა მოცულობა გამოიყოფა მაგისტრანტების დაფინანსებისთვის 2022 წლის ბიუჯეტში.

ჯერჯერობით უცნობია ასევე, რა სახით მიიღებენ რუსთაველი მაგისტრანტები დაფინანსებას (იქნება ეს სტიპენდია თუ ცალკე გამოიყოფა პროგრამული თანხა).