რეგულაციები შემსუბუქდა – საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები[ვიდეო]

საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ, კონცერტებსა და ფესტივალებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე შეძლებენ“, – განაცხადა ღიბრაძემ.

რაც შეეხება კონცერტებსა და ფესტივალებს:

„იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12 აგვისტოდან სრულად იყო  შეზღუდული ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა.