უსაფრთხოების კუთხით ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება/რეაბილიტაციაზე თანხები, – ამის შესახებ რუსთავის ახალდარჩეულმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წელს ქალაქში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, რომლისთვისაც 17 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
“ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მთავარი, სადაც ჩვენ ვამბობთ რომ პრიორიტეტად ავარჩიეთ უსაფრთხოება და უსაფრთხო გარემო.
აქ გვაქვს ავარიული შენობების პრობლემები. რამდენიმე კორპუსი არის მაგალითად ჭყონდიდელის დასახლებაში, რომელიც ძალიან მყისიერ ჩარევას საჭიროებს. უსაფრთხოების კუთხით ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება/რეაბილიტაციაზე თანხები.
ასევე, ლიფტების საკითხი რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით წინასაარჩევნოდ. ჩვენ დავიწყეთ ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამა, აქ სამი მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული.
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ჯამში რომ ავიღოთ და შევადაროთ, გასულ წელს იყო შვიდი მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებული, დღეს გვაქვს 17 მილიონი ლარი.
მაგალითად ვაპირებთ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მშენებლობას, სადაც მუნიციპალური სერვისები იქნება ერთ სივრცეში თავმოყრილი.
იგეგმება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია, არაფორმალური განათლებისთვის ახალი ბიბლიოთეკის კონცეფციის მშენებლობა, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე განათლება იქნება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტი,” – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.









