ეპიდემიოლოგების განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” ადრე თუ გვიან საქართველოშიც დაფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში „ომიკრონი“, სავარაუდოდ, ერთ თვეში შემოაღწევს.
„დაახლოებით ვიცით როდის მოაღწია კორონავირუსმა ჩინეთიდან, შტამმა ბრიტანეთიდან. დედამიწაზე სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველა დროებითი ზომები ყველამ მიიღო, რათა მაქსიმალურად გადავწიოთ პერიოდი ქვეყანაში როდესაც ვირუსი შემოაღწევს. ჯერჯერობით ვიცით, რომ აცრა ამაზეც მუშაობს – რაც აფრიკიდან გვაქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და დღეში რამდენიმე რეისი აფრიკასთან არ გვაქვს, როგორც იმ ევროპის ქვეყნებს, სადაც ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან. ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე.
სწრაფი გავრცელება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მახასიათებელია, რომ შეშფოთების საგნად იქცეს. სწრაფი გავრცელება ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი ერთდროულად ხდება ავად, რაც ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს სამედიცინო დახმარების სისტემების გადარტვირთვას“, – განაცხადა იმნაძემ.