პრემიერი: ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ[ვიდეო]

სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას. დღეს შრომისუნარანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს, ეს არის კატასტროფა, შემაშფოთებელი. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული, ქმედითი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა შექმნან ახალი პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები შესთავაზონ.

„მაქვს იდეა და ინციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. ჩვენ უახლოეს დღეებში, რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას თუ როგორ უნდა შეცვალოთ მანკიერი სისტემა ახალი, გაჯანსაღებული სისტემით, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი საქმის, სამუშაო ადგილების პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით თითოეული ქალაქისთვის, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. ამაზე გვაქვს დაწყებული მუშაობა გუნდის წევრებთან, მთავრობის წევრებთან ერთად. მჯერა, უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის დატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებული, რომ ეს არის სწორი ხედვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.