ქვემო ქართლის სამზარეულოს ისტორია “ეთნო ტაბლა” – წიგნის პრეზენტაცია რუსთავში გაიმართა[ვიდეო]

ახალი კულინარიული წიგნი „ეთნო ტაბლა“ ქვემო ქართლში რეგიონული ტურიზმის განვითარების მოდელის მხარდასაჭერად – რუსთავში კულინარიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა და მასში წარმოდგენილია  რეგიონის სამზარეულოს ისტორია.

წიგნი, რომელიც USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ დახმარებით გამოიცა, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების (სომხები, აზერბაიჯანელები, ასირიელები, ბერძნები, გერმანელები და ა.შ.) მიერ შემუშავებული 30-მდე კერძის რეცეპტს აერთიანებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ახალი კულინარიული წიგნის პრეზენტაციას USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი მარიკა ოლსენი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი,  პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელი  და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„ეთნო ტაბლა“ USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მიერ შექმნილი კულინარიული წიგნების სერიის მეხუთე გამოცემაა, ხოლო სხვა გამოცემებს შორისაა: „მესხური ტაბლა“, „კოლხური ტაბლა“, „თუშური ტაბლა“ და „ქისტური ტაბლა“.

პროექტის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული წიგნის მიზანია ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

დაგეგმილია „ეთნო ტაბლას“ გაყიდვა სხვადასხვა არხების მეშვეობით, მათ შორის წიგნების მაღაზიათა უმსხვილეს ქსელში „ბიბლუსი“.

„ეთნო ტაბლას“ გაყიდვისაგან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს (KKRDA) გაძლიერებას.