ბუნებრივია, ზოგადი ეპიდვითარება საყურადღებოა. ერთადერთი იმედისმომცემი არის ის, რომ დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, წამახალისებელმა ღონისძიებებმა ვაქცინაციის ტემპზე გავლენა იქონია.
„მას შემდეგ, რაც ახალი რეგულაციები ამოქმედდა, მათ შორის, დაანონსდა „მწვანე საშვის“ შესახებ, ასევე ამოქმედდა 60 წელს ზემოთ პირებისთვის წახალისების სქემა, ვაქცინაციის პროგრამაში მომართვიანობის მატება გარკვეულწილად არის. ასევე, გრძელდება სოფლებში აქტიური მუშაობა მარათონის კუთხით“, – აღნიშნავს გაბუნია.
როგორც გაბუნია განმარტავს, გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი იმის გამოა, რომ გასული 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.
„სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მაღალია და იმის გამო იმატებს, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო, ზოგ შემთხვევაში 6 ათასს გადააჭარბა. პირველი მიზეზი მაინც არის „დელტა“ შტამის მეტად აგრესიული ბუნება, სხვადასხვა ქვეყნის კვლევამ მიუთითა, რომ „დელტა“ შტამი იწვევს მეტ რეანიმაციას და სიკვდილობას მეტად უკავშირდება.
პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4 %-ის ფარგლებში რჩება, თუმცა, აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია.“ , – აღნიშნავს გაბუნია.