თბილისისა და გარდაბნის საზღვრები, შესაძლოა, დაკორექტირდეს. 1 მილიონი კვ/მ მიწის ნაკვეთი, შესაძლოა, თბილისისგან გარდაბანს გადმოეცეს. საკითხი რეგიონული მართვისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განიხილა.
ცვლილება ესტონელი ინვესტორის კომპანია – “გოლფ ენდ რეზიდენსს” უკავშირდება, რომელსაც 2014 წელს, საქართველოს მთავრობამ თბილისის სამხრეთით, 3 მილიონზე მეტი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით, 9 მილიონ ლარად გადასცა.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო, რომ მიწა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში მდებარეობს, ცოტახანში გაირკვა, რომ მიწის ნაწილი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადადის. სწორედ ამიტომ, საზღვრების ცვლილების პროექტი მომზადდა. საზღვრის ცვლილება 100 ჰექტარს შეეხება.
კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც გარდაბნის და თბილისის მუნიციპალიტეტებს მოიცავს გოლფ კლუბი და საცხოვრებელი სახლებია განთავსებული.
საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით, რეგიონული მართვისა და თვითმმართველობის კომიტეტი მოსმენებს გააგრძელებს, რის შემდეგაც ინიციატივა განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.









