კოვიდგადატანილ მოქალაქეებს ე.წ. მწვანე სტატუსი არა ვირუსის დადასტურებიდან 6 თვის განმავლობაში, არამედ მუდმივად ექნებათ. საკითხზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.
“მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულიად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს ორი დოზა აცრის; აქვს გადატანილი კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად; თუ ადამიანს აქვს pcr ტესტი გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის და თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
დღესვე განცხადება გააკეთა ამირან გამყრელიძემ და თქვა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ მუდმივი მწვანე სტატუსი შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაიხედოს. გამყრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „კორონავირუსის გადატანის შემდეგ მწვანე სტატუსი განუსაზღვრელი ვადით იქნება, როგორია თქვენი პირადი პოზიცია, როდესაც არის 6-7 თვეში რეინფიცირების შემთხვევები, ხომ არ შეიძლება, ეს გადაწყცეტილება შეიცვალოს“.
„თქვენ მეკითხებით გადატანის შემთხვევაზე, ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით, ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, პირველი დეკემბრიდან მწვანე სტატუსის წარდგენა საჭირო იქნება: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.