ციფრული კოვიდ-პასპორტის ერთიან სივრცეს, სადაც 49 ქვეყანაა გაწევრიანებული, დღეიდან საქართველო მიუერთდა. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ევროკავშირის 27, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში, მხოლოდ ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით და საქართველოში გაცემული კოვიდ-ბარათით მოგზაურობა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს და განაახლოს 17 ნოემბრამდე აღებული კოვიდ-ბარათი.
ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის მიერ გაცემულ კოვიდ ბარათში მცირე ცვლილება შევიდა. აქამდე, კოვიდ-ბარათზე დატანილი იყო ერთი QR კოდი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას პირის ვაქცინაციის, გადატანილი კოვიდ ინფექციისა და PCR ტესტირების შესახებ.
დღეიდან ვაქცინაციის, გადატანილი კოვიდ ინფექციისა და PCR ტესტირების შესახებ ინფორმაცია სამი სხვადასხვა შინაარსის QR კოდის საშუალებით დაიტანება.
QR კოდით დატანილი ინფორმაციის წაკითხვა, კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს მიერთებულ ქვეყნებში, წამკითხველის საშუალებით, ყოველგვარი ბარიერის გარეშე განხორციელდება.
აპლიკაციის ქონის შემთხვევაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდ-ბარათის ქონა საჭირო აღარ არის.
ამასთან, ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა მოქალაქეებმა App Store-დან ან Google Play-დან ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.
ციფრული კოვიდ-პასპორტის ერთიან სივრცეში გაწევრიანებული ქვეყნების, ასევე ციფრული სერტიფიკატის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მომხმარებელს შეუძლია იხილოს ბმულზე: https://ec.europa.eu/…/eu-digital-covid-certificate_en
იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მნიშვნელოვანია, რომ გამგზავრებამდე, თითოეულმა მოქალაქემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე: www.mfa.gov.ge გადაამოწმოს იმ ქვეყნის კოვიდ-პოლიტიკა, სადაც მიემგზავრება.