რუსთავში არსებული “გოუ ლაბის” ჯიხურის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

 ჯანდაცვის სამინისტრო რეგულირების სააგენტოს მიერ უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების ჯიხურების  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სამ ობიექტს შორის, დასახელებულია “გოუ ლაბის” ფილიალიც, რომელიც რუსთავში მდებარეობს და რომლის შესახებაც სააგენტოს ინფორმაცია TV4-ის საინფორმაციო სამსახურმა მიაწოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გატარებული კონტროლის შედეგად გამოიკვეთა კოვიდტესტირების პუნქტები დედაქალაქში, ბათუმსა და რუსთავში, რომლებიც სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებული შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა.

რეგულირების სააგენტოს მიერ დაწესებულებების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.

„სააგენტოს მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოვიდტესტირების პუნქტი აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.