რუსთავის მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს ხელფასები გაეზრდებათ

რუსთავის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია  მუნიციპალიტეტში დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდა, – ამის შესახებ რუსთავის ახლადარჩეულმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, ხელფასების გაზრდით და სხვა მოტივაციებით, ქალაქში არსებული სერვისები გაიზრდება.

“რუსთავის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არის მუნიციპალიტეტში დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდა.

განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანია დასუფთავების სამსახურში ხელფასების ზრდა იმიტომ, რომ ეს ადამიანები, კოვიდის მიუხედავად, მთელი დღის განმავლობაში, ზამთარში, ქარში, სიცივეში შრომობენ იმისთვის, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული, იყოს სუფთა.  ამიტომ მახარებს ის ფაქტი, რომ დასუფთავების თანამშრომლებს მოემატებათ ანაზღაურება.

ავტობუსები ჩავანაცვლეთ გასულ წელს, 40 ახალი ავტობუსი დადის დღეს რუსთავში და მძღოლებს ჰქონდათ საკმაოდ დაბალი ხელფასი და აქაც გვექნება ზრდა მათი შრომის საპირწონედ.

აუცილებელია, რომ ღირსეული ხელფასი იყოს ბაღებში, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან და ბაღებში აუცილებელია კიდევ შენარჩუნდეს ხელფასების ზრდის ტენდენცია და ბაღის თანამშრომლებს მოემატებათ ხელფასი.

ასევე, გამწვანების თანამშრომლებსაც და ვფიქრობ, რომ ღირსეული ხელფასები იქნება იმის გარანტია, რომ რუსთავში მუნიციპალური სერვისების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ჩვენ ძალიან მაღალ სტანდარტს ვაწესებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ხელფასებით და კიდევ სხვა მოტივაციით ჩვენ შევძლებთ, რომ გავზარდოთ მომსახურება იმ სერვისების, რომლებიც გვაქვს ქალაქში”.