“სამწუხაროდ, მიღებული ტრავმის გამო, ვეღარ გავაგრძელებ ასპარეზობას”

ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ბრძოლაში მიღებული ტრავმის გამო, ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებს. ამის შესახებ სპორტსმენა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ლაშა გურული წერს,  49 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს მესამე ადგილი მოუტანა და ოთხ ბრძოლაში წარმატებით იასპარეზა. რუსთაველი მოკრივე გულშემატკივრებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ტრავმის გარეშე, მას მსოფლიო ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა.

“შემიძლია გითხრათ,რომ გუშინდელი ბრძოლა ყველაზე რთული გამოდგა ჩემი კარიერის განმავლობაში. შეუძლებელია ამ ემოციების დამალვა, რომელიც კუბის წარმომადგენელ, უძლიერეს მოკრივესთან გამარჯვების შედეგად განვიცადე . როგორც იცით, აღნიშნული გამარჯვებით, მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გავინაარდე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე.

ამაყი ვარ, რომ 49 მონაწილე ქვეყანას შორის, ჩვენს საქართველოს მესამე ადგილი მოვუპოვე. როგორც იცით, მიმდინარე ჩემპიონატზე 4 ბრძოლა გავმართე და ოთხივე წარმატებით დავასრულე, თუმცაღა სამწუხაროდ, დღევანდელ ბრძოლაში მიღებული ტრავმის გამო, რომელიც თავით შეჯახებისას მივიღე, ვეღარ ვაგრძელებ ასპარეზობას. არადა დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირის უდავო ლიდერის დამარცხების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონობის რეალური შანსი მქონდა.

მინდა ჩემს გულშემატკივრებს დარწმუნებით ვუთხრა,რომ ეს არის დიდი გამარჯვებების დასაწყისი, როგორც კი სრულად გავივლი რეაბილიტაციას, აქტიურად გავაგრძელებ ახალი გამარჯვებებისკენ სწრაფვას. მთელი გულით მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს გულშემატკივარს, აქტიური თანადგომისა და გამოცხადებული ნდობისთვის.თქვენი თანადგომა ჩემთვის ძალიან ღირებული და ფასეულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი კრივის სამწვრთნელო შტაბს,საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციას.”– წერს ლაშა გურული.