ქვემო ქართლში ბოლო 10 დღეში 1000-ზე მეტი პენსიონერი აიცრა

ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, 60 წელს ზემოთ ჯამში 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით მეტია.

„იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პენსიონერები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან რეგიონებში.

თუ შევადარებთ ოქტომრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა. მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39% -იანი ზრდა დაფიქსირდა. 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი ადამიანი იცრება.

საერთო ჯამში, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, 60 წელს ზემოთ 19 290მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით მეტია. წამახალისებელმა პროგრამამ, რომ ვაქცინაციის პროცესს შეუწყო საუბრობენ მედიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ პენსიონერები იმუნიზაციაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გააქტიურდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, რეგიონში მოქალაქეთა აქტივობის 397,46%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 8-დან 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მხარეში კოვიდვაქცინით სულ 1 174 ადამიანი აიცრა, რაც 29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში აცრილთა რიცხვი 236-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.