კოვიდპასპორტის არმქონე პირის ობიექტში შესვლის გამო, ჯარიმა ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება

 1-ელი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, კოვიდპასპორტის არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში თუ კომპანია კოვიდრეგულაციას სისტემატურად დაარღვევს, შესაძლოა, დახურვას დაექვემდებაროს ან დროებით საქმიანობა შეუჩერდეს.

“შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას,“- განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე;  მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.