დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს

დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. წარმომადგენლობითმა ორგანომ თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩია. საკრებულოს თავმჯდომარედ მმართველი გუნდის კანდიდატი პაატა ყულიაშვილი აირჩიეს. სხდომას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი რამიზ რამაზანოვი. ყულიაშვილს 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს რამიზ რამაზანოვი, რომელმაც სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ენმ- ს ბოიკოტს არ უერთდება და  საქმიანობას საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს. რამაზანოვი ამ დრომდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო.

ოპოზიცია დმანისში კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

გასულ კვირას საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი ესწრებოდა, კვორუმისთვის კი, 16 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.

დმანისის საკრებულოში 15 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“, 13 „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი პარტია „პროგრესს“ ჰყავს, ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.