დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს და მცირედით იკლებს ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა.
თუმცა, მისივე თქმით, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან ვირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მაინც მაღალია.
„მცირდება დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო ორი კვირაა, მყარად ჩამოვიდა 8%-ს ქვემოთ. რაც შეეხება სიკვდილიანობას, შემცირების ტენდეციაა. დღეს პირველად 30-დან 40-ის ფარგლებშია. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სტაბილიზაციის ნიშნები არის და ეპიდვითარება ნელი ტემპით სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან ყოველდღიური რიცხვები 2 000- 3000-ზე მეტია. სტაბილიზაციაზე ვილაპარაკებთ მაშინ, როცა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს ჩამოსცილდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება ახალ შტამს, გამყრელიძის ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 57 ქვეყანაში ფიქსირდება.
“როგორც სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკაში არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა, რაც გარკვეულად ცოტა დამაიმედებელია, რომ ის არ უნდა წავიდეს ისე რთულად და აგრესიულად, როგორც დელტა და დელტა+ მიდის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერჯერობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.
ამავდროულად, ამირან გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ბუსტერდოზების გაკეთების აუცილებლობაზე.
„პირველი მტკიცებულებები „ფაიზერმა“ დადო, რომ სამჯერ აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალიზების თვისება და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ „ფაიზერს“ აქვს დამცველობითი უნარი. ამიტომაც მეტია მოწოდებები, რომ ფართოთ გამოვიყენოთ ბუსტერი. ბევრმა ქვეყანამ ბუსტერი სავალდებულოდ შემოიღო. ასევე, შეამცირა პერიოდი მეორე დოზასა და ბუსტერს შორის, რაც ასევე გავაკეთეთ ჩვენც. არასრული ერთი თვის განმავლობაში 32 000-მდე ადამიანი აიცრა ბუსტერით. 85%-ში გამოიყენება „ფაიზერი“, დანარჩენია „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.