“ქურდული სამყაროს” წევრები ტაქსების მძღოლებისგან საერთოს აგროვებდნენ – შსს-მ ცხრა პირი დააკავა[ვიდეო]

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები: გ.ლ., ბ.ჟ. და გ.გ., საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ – ი. ყ.-ის დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, თავისთვის და „ქურდული სამყაროსთვის“ სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, „ქურდული სამყაროს“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, 2021 წლის მაისის თვიდან, ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას.

აღნიშნულის განხორციელების მიზნით, ისინი „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერ ტაქსის მძღოლებს – გ.მ.-ს, დ.გ.-ს და გ.კ.-ს, რომლებმაც იცოდნენ „ქურდული სამყაროს წევრების“ საქმიანობის შესახებ, ასევე, აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს სთხოვდნენ ე.წ. ქურდულ საერთოში შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავი მუშაობის საშუალება მიეცემოდათ.

„ქურდული სამყაროს“ წევრები – გ.ლ., გ. გ. და ბ. ჟ. სისტემატურად აკონტროლებდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. ქურდული საერთოსთვის თანხას იხდიდნენ.

„ქურდული სამყარო“” აღნიშნულ წევრებსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არ უხდიდნენ, დაპირისპირება წარმოიქმნა. 2021 წლის აგვისტოში, არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და „ქურდული სამყაროს“ წევრებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ნ. ჩ. და დ.ს. გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ქართველ „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-ს, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მოგვიანებით, დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ნ.ჩ.-ს და მის მომხრე მძღოლებს „ქურდული სამყაროს“ წევრებმა კვლავ აუკრძალეს აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობა”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.