გუბერნატორი: მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს პროექტების ეფექტურად და ვადებში დასრულებაზე[ვიდეო]

მნიშვნელოვანია სამუშაოების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, ყურადღება გამახვილდეს პროექტების ეფექტურად და შესაბამის ვადებში დასრულებაზე,- ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მხარეში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში ყველა პროექტი, რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში განხორციელდება იქნება ურბანულად გამართული და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული. ყურადღება გამახვილდება სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებზე.

,,მოგეხსენებათ, რომ რეგიონში, ცენტრალური ხელისუფლება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტების თანამონაწილეობით, არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს – ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამუშაოების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, ყურადღება გამახვილდეს პროექტების ეფექტურად და შესაბამის ვადებში დასრულებაზე. სამუშაოებს აქტიურ მონიტორინგს გაუწევს სამხარეო ადმინისტრაცია და პირადად ჩემი ჩართულობით, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ადგილზე გავეცნობით პროცესის მიმდინარეობას და გამოვლენილ საჭიროებებს.“ – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.