კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.

„კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს თავად განმარტავს. მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. გადაწყვეტილება არის მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტი, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეიტილებას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ცნობად მიიღო.

ბუნებრივია, კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად, იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კუჭავამ მომავალ პარლამენტის თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ორი-სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა, ჩვენს გუნდთან, ლიდერებთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა რა თქმა უნდა, დეტალებზე ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს თქვენ უფრო მეტ დეტალს გაიგებთ იმ პროექტთან, მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა, ეს ახსნის იმ მიზეზებს, რომლებზეც არ შეგვიძლია ამ საკითხზე ბოლომდე ვთქვათ. პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. შევეცადე, ვყოფლიყავი ყველას თავმჯდომარე. დიდწილად შევძელი ამის გაკეთება. დიდი მადლობა ყველა თანამშრომელს თავიანთი პროფესიონალიზმისთვის. რა თქმა უნდა, ჩემს გუნდს დიდი მადლობა, პირადად ირაკლი კობახიძეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი წარმატებით განახორციელებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგა, მეგობარია. წარმატება მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებით მთლიანად ვიზეიმებთ გუნდი და მთლიანად საქართველო“, – განაცხადა კახა კუჭავამ.