ლაცაბიძე: რუსთავში ოპოზიციის ხმა არ ისმის და ეს ფორმა, რაც დღეს ვნახე, არის მიუღებელი ჩემთვისაც და თითოეული რუსთაველისთვისაც

“გულწრფელად მჯეროდა ბევრი ადამიანის, რომელიც დღეს აქ არის მოსული როგორც ოპოზიციონერი საკრებულოს წევრი, რომ ქალაქის ინტერესები იყო მათთვის უფრო მაღლა, ვიდრე პარტიული, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. პარტიულ ინტერესებს აყენებენ ყველაზე უფრო პირველ  ადგილზე და შემდეგ მოდის დანარჩენი. იმედს ვიტოვებ, ეს ადამიანები გაიაზრებენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის იმედი იყო, რომ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის ხმას გაიგებდნენ და ოპოზიცია წარმოადგენდა მათ ინტერესებს. სამწუხაროდ, დღეს რუსთავში ოპოზიციის ხმა არ ისმის და ეს ფორმა, რაც დღეს ვნახე, არის მიუღებელი ჩემთვისაც და თითოეული რუსთაველისთვისაც. რუსთაველებს უნდოდათ, რომ მათ ეკეთებინათ საქმე და რუსთაველების ინტერესები დაეცვათ. “- ასე ეხმაურება რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ქალაქის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას, რომ დარბაზში შეუშვან და სხდომის ჩატარების შესაძლებლობა მისცენ.

როგორც ქალაქის მერი ამბობს, თითოეულ პარტიას აქვს შესაძლებლობა მიმართოს საკრებულოს აპარტს წერილობით და მოითხოვოს სხდომის ჩატარება, თუმცა ენმ-ს ქმედება რეგლამენტს არ შეესაბამება.

ქალაქის პირველი პირის განმარტებით, ის გაეცნო ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნებს. ლაცაბიძის თქმით, დღეს რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის ხმა არ ისმის და “ნაციონალური მოძრაობა”  პარტიულ ინტერესებს ამომრჩევლის ინტერესებზე მაღლა აყენებს.

“ყველამ იცის რუსთავში, რომ ამომრჩეველმა ხმა მისცა მრავალპარტიულ საკრებულოს და სამი პარტიაა წარმოდგენილი. არცერთს არ აქვს უმრავლესობა და ყველა შეხვედრაზე, მათ შორის არჩევნების შემდეგ,  უკვე როდესაც შევუდექი საქმიანობას, ეს იყო ჩვენი ქალაქის ახალი პოლიტიკური რეალობა, ახალი გამოწვევა და  მე იმედს გამოვთქვამდი, რომ ღირსეულად დავძლევდით ამ გამოწვევას.

მთელმა რუსთავმა ნახა, რომ პირველივე სხდომაზე “ქართული ოცნება” დატოვეს მარტო დარბაზში და ვერ ავირჩიეთ თავმჯდომარე, საკრებულო კომისიის წევრები. მე დღეს, როგორც ქალაქის მერი, გარწმუნებთ, რომ ქალაქი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ბევრი საკითხი  საჭიროებს საკრებულოზე გატანას და გადაწყვეტას, რაც  უმნიშვნელოვანესია –  ძალიან ბევრი მრავალშვილიანი ოჯახისთვის, ძალიან ბევრი ვეტერანისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ბევრი სტუდენტური პროგრამა გვაქვს, პირველი იანვრიდან აუცილებელია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დავიწყოთ და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსთავის საკრებულოში არ ისმის ოპოზიციური პარტიების ხმა,  რისი მოლოდინიც ჰქონდა ამომრჩეველს, რომ ერთ პარტიას არ ჰქონოდა ძალაუფლება და სამწუხაროა, რომ პირველივე სხდომიდან ეს ადამიანები საკრებულოში არ გამოჩენილან.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს და იმ შოუს, ეს არის შოუ და სხვა შეფასება არ ექნება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რამდენიმე კვირის უკან გამოვთქვი სურვილი, რომ როგორც ქალაქის მერი, მზად ვიყავი სამუშაო შეხვედრისთვის და დეტალურად  ავუხსნიდი ამ ადამიანებს, ვინც არ იცის რამდენად მნიშვნელოვანია საკრებულოს როლი ქალაქის განვითარებაში, ავუხსნიდი რა საკითხები ჩერდება, როდესაც ეს ადამიანები არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, არ ართმევენ თავს იმას, რაც დაავალა მოსახლეობამ.

დღეს რაც ვნახე, შემატყობინეს მოქლაქეთა მომსახურების ცენტრში იყვნენ მოსულები, ჩავედი ვიკითხე, რით შემეძლო დახმარება გამეწია, აბსოლუტურად აბსურდულ საკითხებზე მესაუბრებიან,   არაფერი მნიშვნელოვანი არ მითხრეს. დღესაც მზად ვარ, ყოველთვის მზად ვიქნები, რომ ქალაქში არცერთი პროექტი არ გაჩერდეს, არ გაჩერდეს არცერთი ადამიანისთვის მედიკამენტების დაფინანსება, ოპერაციების დაფინანსება. მზად ვარ  ვესაუბრო ყველას, ვინც იქნება მომართული იმისკენ, რომ ვაკეთოთ საქმე, გადავდოთ გვერდზე პარტიული ინტერესები. სამწუხაროა, მე გულწრფელად მჯეროდა ბევრი ადამიანის, რომელიც დღეს აქ არის მოსული როგორც ოპოზიცციონერი საკრებულოს წევრები, რომ ქალაქის ინტერესები იყო მათთვის უფრო მაღლა, ვიდრე პარტიული, თუმცა ეს ესე არ აღმოჩნდა.”- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ამასთან, როგორც რუსთავის მერი ამბობს, საკრებულოს მომდევნო სხდომას უხუცესი ჩანიშნავს და სავარაუდოდ, სხდომა იანვარში გაიმართება.

შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვლას მეორე დღეა ითხოვენ. როგორც ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, მათ დარბაზში შესვლა და სამუშაო სხდომის ჩატარება სურდათ, თუმცა კარი დაკეტილი დახვდათ. ენმ-ს წევრების განცხადებით, დაცვის სამსახურისგან მიიღეს განმარტება, რომ დარბაზში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. მოგვიანებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რუსთავის მერიის მოქალაქეთა მიღების სივრცეში გადაინაცვლეს და შენობაში შესვლას ცდილობდნენ. მათ რუსთავის მერი შეხვდა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.