მეგობრობის გამზირის პროექტის ფარგლებში, ხეივნის სრული რეაბილიტაცია მოხდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის, გიორგი ციბაძის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 12 საცხოვრებელ კორპუსზე, საიდანაც ცხრა კორპუსის ენერგო ეფექტური კომპონენტები დასრულებულია და მიმდინარეობს უკვე შეღებვითი სამუშაოები.
მისივე ცნობით, ხეივანი მთლიანად რეაბილიტირდება და გამწვანდება.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს მეგობრობის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე საუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
“მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადის რეაილიტაცია, ხდება ლიფტების რეაბილიტაციაც, ასამდე ლიფტის რეაბილტიაციაა დაგეგმილი. ეს პროექტები გაგრძელდება მომავალ წელსაც აქტიურ ფაზაში.”– განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.
“ადგილზე გავეცანით რა ეტაპზეა სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები, ვართ მუნიციპალიტეტიდან, სამინისტროდან, გუბერნტორია აქტიურად ჩართული. იმდენად მასშტაბურია ეს პროექტი, აუცილებელია ხშირად გვქონდეს მსგავსი შეხვედრები, გვექნება კიდეც მომავალში. ჩვენ მუდმივად ჩართული ვიქნებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ვადებში დასრულდეს. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არის აუცილებელი, რომ არ გამოგვრჩეს რაიმე დეტალი. მასშტაბურად მიმდინარეობს სამუშაოები და მეგობრობის გამზირი იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი რუსთავისთვის.”- განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.