შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნოემბერში ჩატარებული კომპლექსური მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალასა და თბილისის სხვა უბნებში 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინის“, „ბუპრენორფინის“ და „ალფა-პვპს“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ვ.ჟ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „მდმას“ შემცველი 99 აბი, ხოლო ა.დ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკულ საშუალება „მდმას“ შემცველი 30 აბი, „ამფეტამინის“ შემცველი 10 აბი და 19 გრამამდე ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინის“ შემცველი ნივთიერება“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.